რატომ შეექმნა შტატებს სურსათის დეფიციტი

სასურსათო მაღაზიების თაროები ამერიკის რამდენიმე შტატში სრულად დაცარიელდა. იმის მიუხედავად, რომ მაღაზიები ცდილობენ სწრაფად აღადგინონ პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი, ეს ჯერ-ჯერობით არ ხერხდება. ამის ფონზე უკმაყოფილო მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც სოციალურ მედიაში ტვირთავენ ცარიელი დახლების სურათებს.

შტატებში არსებული სასურსათო დეფიციტი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი და ერთ- ერთი მთავარი, იმ მიწოდების ჯაჭვების პრობლემას უკავშირდება, რომელიც გასულ წელს COVID-19-მა დატოვა გლობალურ ეკონომიკაში. სავაჭრო ობიექტები ამ პრობლემის მოგვარებას მიმდინარე წელს ელოდნენ, თუმცა ამის მაგივრად ისინი ახალ გამოწვევებს წააწყდნენ.

მიწოდების პრობლემები

კერძოდ, კი “ომიკრონმა” მათ საქმიანობაზე დამანგრეველი დარტყმა მიიტანა. იმდენად, რამდენადაც სწრაფად ცირკულირების პირობებში ვირუსი ასნებოვნებს თანამშრომლების დიდ ნაწილს, რაც მიწოდებისა და წარმოების სერიოზულ პრობლემებს იწვევს. “ომიკრონმა“, განსაკუთრებული პრობლემები ტრანსპორტისა და “ლოგისტიკის” მიმართულებით შექმნა. ეს კი თავის მხრივ დიდ დარტყმას აყენებს მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მომარაგებას.

როგორც შტატების სასურსათო მაღაზიების ასოციაციაში აცხადებენ, დღეს დიდი სუპერმარკეტები თუ სავაჭრო ცენტრები, თანამშრომლების 50%-იანი დანაკლისით აგრძელებენ ფუნქციონირებას.

“მიუხედავად იმისა, რომ საკვების დეფიციტი რეალურად არ არსებობს, ჩვენ მოველით მაღაზიის დახლებზე პროდუქტების სიმცირეს მიწოდების პრობლემებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო“, – თქვა გრეგ ფერარამ, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ტრანსპორტის პრობლემები

ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს მიწოდების ჯაჭვების პრობლემას, ხოლო მეორეს მხრივ პრობლემებს უქმნის სასურსათო მომარაგებას, არის სატვირთო მანქანების მუდმივი დეფიციტი.

თავის მხრივ სატვირთო ავტომობილების დეფიციტი გამოწვეულია ამ სფეროში დასაქმებული პერსონალის დაბერების დონითა და “ომიკრონით” ინფიცირების მაღალი ტემპის გამო. რასაც ემატება პორტებში არსებული რიგები სატვირთო მანქანებზე, რაც დამატებით აფერხებს მიწოდების პროცესს.

ამინდის საკითხები

კიდევ ერთი პრობლემა რამაც ლოკალურად მაგრამ მნიშვნელოვნად შეარყია სასურსათო ინდუსტრია, ამინდის პრობლემებს უკავშირდება. გასულ შაბათ კვირას სხვადასხვა შტატებში მომხმარებლებმა ცარიელ დახლებზე აღმოაჩინეს წარწერები, რომელზე სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს, ამინდის პრობლემების გამო ბოდიშს უხდიდნენ და ცარიელი დახლების მიზეზად გაუარესებულ ამინდს ასახელებდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ სიტუაციას ართულებს გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც განპირობებულია მოსახლეობის მხრიდან, გაზრდილი მარაგების შექმნითა და მზარდი შენაძენებით.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement