
აზერბაიჯანმა ნავთობის 74% მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიტანა
აზერბაიჯანმა ქვეყანაში წარმოებული ნავთობის 74 პროცენტი მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გაიტანა. ამის შესახებ სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბახტ იუსიფზადემ ბაქოს ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში წარმოებული 654 მილიონი ტონა ნავთობიდან დღემდე 484 მილიონი BTC-ით არის ექსპორტირებული.
იუსიფზადემ აღნიშნა, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე ნავთობისა და გაზის საბადოების აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) განვითარების დასაწყისიდან 2023 წლის 1 მაისამდე 573 მილიონი ტონა ნავთობი იქნა წარმოებული.
მისი თქმით, დღეისათვის ACG საბადოების ბლოკიდან 208 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა მოპოვებული.
იუსიფზადეს თქმით, ACG-ში წარმოებული 340 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი მოხვდა აზერბაიჯანის მომგებიანი ნავთობის წილში.