2027 წლიდან აზერბაიჯანი მზად არის გააორმაგოს გაზის მიწოდება ევროპაში, რითაც „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მაგრამ ამისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალში არ იტყვის უარს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებებზე და არ დაუბრუნდება რუსეთიდან იაფი საწვავის შეძენას.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ამ ზაფხულს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანი 2027 წლიდან ევროპას გაზის მიწოდების გაორმაგებას აპირებს. ეს შეთანხმება არის გაერთიანებული ევროპის ახალი სტრატეგიული კურსის შედეგი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული გაზის იმპორტის სრულ უარყოფას. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი ევროპისთვის „ლურჯი საწვავის“ ერთ-ერთი ალტერნატიული წყაროა.

თუმცა, რუსეთი არ არის მზად, დათმოს თავისი პოზიციები ევროპის გაზის ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ Nord Stream 2 პროექტი არსებითად ჩაიშალა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან წამოაყენა იდეა თურქეთში ახალი გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. კრემლის გეგმის მიხედვით, ამ ჰაბში ბუნებრივი აირის გადინება რუსეთიდან, ისევე როგორც სხვა წყაროებიდან, შექმნის გრძელვადიან სტაბილურობას ევროპულ ბაზარზე და თავიდან აიცილებს საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას.

”ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის ალტერნატიული მიწოდება და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან სტაბილურ კონტრაქტზე და არა უკრაინის ომის გამო გაჩენილ სპონტანურ მოთხოვნაზე, რომელიც შეიძლება შეწყდეს ისევე მოულოდნელად, როგორც გაჩნდა, რის შემდეგაც ევროპელები კვლავ დაიწყებენ მუშაობას რუსეთიდან გაზის შესაძენად“, – თქვა ელნურ მამედოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ხელშეკრულებების შესაბამისად მიწოდების გასაზრდელად აზერბაიჯანს სჭირდება „მილიარდობით დოლარის“ ინვესტიცია სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებისთვის, ასევე გრძელვადიანი კონტრაქტები ევროპულ კომპანიებთან 2027 წლამდე.

„ვინც დაინტერესებულია ინვესტიციებით – ცალკეულმა სახელმწიფოებმა თუ კერძო კომპანიებმა, მან ჯერ უნდა უზრუნველყოს სახსრები, რათა ჩვენ, თავის მხრივ, გავზარდოთ შესაძლებლობები“, – ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

„არ ვიტყოდი, რომ ამ საკითხზე ევროკავშირში სერიოზული უთანხმოებაა. თუმცა, ეს არის საერთო თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა“, – დაამატა მან.

ელნურ მამედოვმა აღნიშნა, რომ ბაქო მოხარულია, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევაში, მაგრამ ასევე მოელის, რომ ევროკავშირი მზად იქნება ინვესტიციებისთვის.

ევროკომისიამ უარი თქვა პასუხის გაცემაზე (Financial Times-ის მოთხოვნაზე) მოლაპარაკებების შესახებ პოტენციურ კერძო და საჯარო ინვესტორებთან.

„ევროკავშირში აზერბაიჯანი ითვლება საიმედო სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორად ენერგეტიკის სექტორში“, – წერს Financial Times ევროკავშირის ხელმძღვანელობის “უსახელო” ჩინოვნიკზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს სჭირდება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, დამატებითი საკომპრესორო სადგურების მშენებლობისთვის სამხრეთ გაზის დერეფანში, რომლითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი თურქეთისა და საქართველოს გავლით მიეწოდება სამხრეთ ევროპაში. ასევე კასპიის ზღვის სხვა საბადოებზე გაზის წარმოების დასაწყებად. თუმცა, ინვესტიციების მოსაზიდად ბაქოსა და ევროპულ კომპანიებს შორის გაზის გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს.

2013 წელს აზერბაიჯანმა უკვე გააფორმა ასეთი კონტრაქტები, რომლის დროსაც მან მოახერხა 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა, რამაც ბაქოს საშუალება მისცა განეხორციელებინა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი და მიეღო თავისი წილი ევროპული „გაზის ღვეზელიდან“.

თუმცა, ბულგარულ კომპანია Bulgargaz-თან ისტორიამ, რომელსაც 2020 წლიდან სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ყოველწლიურად 1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი უნდა შეეძინა, აჩვენა, რომ ხანდახან არც გრძელვადიანი კონტრაქტები შველის. მედიაში უკვე დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნეს ხელოვნური დაბრკოლებები ბულგარეთის პრორუსულმა ხელისუფლებამ ბულგარეთის ბაზარზე აზერბაიჯანული საწვავის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან „ლურჯი საწვავი“ საგრძნობლად იაფი იყო, ბულგარეთი კარგა ხანს აგრძელებდა რუსული გაზის ძვირად ყიდვას.

და მხოლოდ ახლახან, საბერძნეთი-ბულგარეთი – IGB გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, რომელიც მოხდა პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანდასწრებით, ეს პრობლემა მოგვარდა და აზერბაიჯანულმა გაზმა ბულგარეთის ბაზარზე შესვლა შეძლო.

BFM.GE


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement