ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკები მიმდინარე და მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება; ამის მთავარი მიზეზი კი რუსეთთან ინტენსიური ვაჭრობა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა იქნება.

ამჟამინდელი პროგნოზით, 2023 წელს ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს – 5.9%-ით.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის საფუძველი დასავლური სანქციების პირობებში, რუსეთის მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.

მეორე მხრივ, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა, ბეატა იავორჩიკმა, განაცხადა, რომ “2022 წელს რუსეთში 3.5 მილიონი ახალი მიგრანტი დარეგისტრირდა, მათი 90% კი ცენტრალური აზიიდანაა. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსული რუბლი შედარებით ძლიერი იყო, რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.”

დამატებით ფაქტორებად რუსული კომპანიების ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადასვლა და ჩინეთის მიერ სხვადასხვა რუსულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ EBRD-მა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ხოლო 2024 წლის – შეამცირა. თუ აქამდე ბანკი 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელოდა, ახლა პროგნოზი 6%-მდეა გაზრდილი; ხოლო თუ 2024 წლის საქართველოს ეკონომიკის 5.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები, ამჟამინდელი პროგნოზი 4.5%-მდეა შემცირებული.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement