
EU-ს მიერ მარცვლეულის შეზღუდვის გახანგრძლივების შემთხვევაში, უკრაინა გასაჩივრებას აპირებს
უკრაინა გაასაჩივრებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თუ ის უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შეჩერებაზე 5 წევრი ქვეყნის მოთხოვნას გაახანგრძლივებს.
კიევი ამბობს, რომ შეზღუდვები, რომლებიც უკრაინის მეგობარმა სახელმწიფოებმა ფასების დაცემის საპასუხოდ შემოიღეს, ქვეყნის ექსპორტის სასიცოცხლო ჯაჭვს საფრთხეს უქმნის.
ცენტრალური ევროპის 5-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირს თხოვნით მიმართა, რათა უკრაინული ხორბლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა 15 სექტემბრის შემდეგაც გაახანგრძლივოს. ამ ქვეყნებს შორისაა, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი. პოლონეთი იყო პირველი, რომელმაც ფერმერების პროტესტის ფონზე უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი შეაჩერა. ფერმერები ჭარბი მარაგების გამო, ადგილობრივი წარმოების ფასების ვარდნას აპროტესტებდნენ.
იჰორ ჟოვკვა, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსის მოადგილე, აცხადებს, რომ შეზღუდვებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გამოყენებით, უკრაინასა და 27 წევრ ქვეყანას შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, გაასაჩივრებენ.
ჟოვკვას თქმით, ევროკავშირის უარის შემთხვევაში, პოლონეთმა შესაძლოა დამოუკიდებლად გააგრძელოს ცალმხრივი შეზღუდვები.
„თუ ვარშავა დამოუკიდებლად გააგრძელებს შეზღუდვას, ევროკავშირმა სამართლებრივი ზომები უნდა მიიღოს ერთიანი ბაზრის დარღვევის წინააღმდეგ“, – ამბობს იჰორ ჟოვკვა.
5 ქვეყნის მიერ ევროკავშირისთვის შეზღუდვების გახანგრძლივების მოთხოვნას ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. 17 ივლისს რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ დატოვა, რამაც შესაძლოა უკრაინული მარცვლეულის ნაკადის გაზრდა გამოიწვიოს.