
Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Galt & Taggart 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებს. აქამდე ორგანიზაცია 4.8%-იან ზრდას ვარაუდობდა. პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად დასახელდა მიმდინარე წლის I კვარტალში შესრულებული ეკონომიკური საქმიანობა და დეზინფლაცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მარტის თვე, როდესაც სამშენებლო, ფინანსურ, სავაჭრო და ტრანსპორტირების სფეროებში წარმატებამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა. ამის მიუხედავად, შემცირდა წარმოების, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორები. საბოლოოდ, 2023 წლის I კვარტალში მაინც მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, რამაც ქვეყნის წლიურ მაჩვენებელზე პროგნოზიც გაზარდა. ამასთან, მიზეზად სახელდება ინფლაციური კურსის შენელება (დეზინფლაცია), რომელსაც მარტში ყველაზე პოზიტიური ხასიათი ჰქონდა.
გარდა ამისა, 5.2%-დან 4.7%-მდე შემცირდა წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზიც. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია მარტში 5%-მდე შემცირდა, როდესაც იგივე მაჩვენებელი თებერვალში 6.6% იყო. მარტის თვის დეზინფლაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2023 წელს ინფლაციასთან დაკავშირებით უფრო დადებითი პროგნოზების გასაკეთებლად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე შენარჩუნება სწორედ ინფლაციის 3%-იანი სამიზნე ნიშნულის მიღწევას ემსახურება.
ამასთან, Galt & Taggart დოლართან მიმართებით ლარის კურსის გამყარებასაც პროგნოზირებს. მოსალოდნელი იყო, რომ საშუალოდ 1 დოლარი 2.65 ლარი ეღირებოდა, თუმცა ამჟამინდელი პროგნოზით მიმდინარე წელს საშუალოდ დოლარი ლარზე კურსით1:2.55 გაიცვლება. ლარის გამყარების მთავარი მიზეზად Galt & Taggart საგარეო შემოდინებებს ასახელებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა I კვარტალში $460.5 მილიონი შეისყიდა რეზერვების შესაქმნელად. აღნიშნული მიზეზების გამო დოლარის ლართან გაცვლითი კურსის ძველი პროგნოზი (1:2.65) ახალი, უფრო მყარი ლარის პროგნოზით (1:2.55) შეიცვალა.