სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია კომპანიები რომლებიც მედიკამენტებს თვითღირებულებაზე 1000%-ით უფრო ძვირად ყიდიან

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შემაჯამებელი კვლევა წარმოადგინა. როგორც, კვლევიდან ვიგებთ ბაზარზე მედიკამენტები საკმაოდ მაღალი ფასნამატით იყიდება და ხშირ შემთხვევაში, ფასნამატი ერთ მედიკამენტზე 200%-ს აღწევს.

“გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია.

სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტი/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში ცდება 1000%-ს.

მოთხოვნა ამგვარ მედიკამენტებზე სააგენტოს პოზიციით განპირებებულია ბაზარზე არსებული ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ურთიერთობებით. საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების საშუალო შეწონილი საერთო ფასნამტი მედიკამენტებზე 18-26%-ის ფარგლებშია”,-ნათქვამია სააგენტოს მიერ მომზადებულ კვლევაში.

კვლევაში ასევე საუბარია იმაზეც, თუ რა რაოდენობის თანხის დაზოგვას შეძლებდა მოქალაქე, რომ არა ზემოთ ხსენებული ფასნამატებით შეძენილი მედიკამენტები.

“შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველწლიურად იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში დაზოგავს მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების 25-30%-ს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე”,-აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ანგარიშში რეკომენდაციებსაც ვკითხულობთ, რეკომენდაციები კი ეხება როგორც გენერიკებს, ისე ელექტრონული რეცეპტის დანერგვას, რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ წლების წინ მიმდინარეობდა.

“მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება – წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას. რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე უნდა მიეთითოს მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (გენერიკი) და უნდა შეიზღუდოს სავაჭრო დასახელების მითითება. სხვადასხვა კვლევებით და არაერთი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურებულია ის ფინანსური სარგებელი, რასაც მომხმარებელი იღებს გენერიკული მედიკამენტების შეძენით, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებასთან.

ასევე გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება – სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე, ძირითად გენერიკთან ერთად, მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი. ასევე ქმედითი ნაბიჯი იქნება, ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა”,-ვკითხულობთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement