
ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და გამყარებას მომავალშიც გააგრძელებს
5 წლის შემდეგ პირველად კურსი 2.50-ს ჩამოსცდა და შესაძლოა, 2,40-სკენ დაიძრას
ლარის კურსის შეუქცევადი გამყარება გრძელდება. “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ლარი, 2.50-იან ნიშნულს ჩამოსცდა და 2.4976 შეადგინა. ფაქტორები, რომელიც კურსის გამყარებას შეუწყო ხელი, დღემდე შენარჩუნებულია და მოლოდინიც პოზიტიურია. ამიტომ ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ “ბლუმბერგზე” დაძლეული ფსიქოლოგიური ნიშნული, უკვე სავაჭრო ჯიხურებშიც აისახოს.
2.50-ზე ქვემოთ ლარის კურსი ბოლოს 2018 წლის აგვისტოში იყო. გამოდის, რომ “ბლუმბერგზე” დაფიქსირებული გუშინდელი მაჩვენებლით თითქმის 5-წლიანი რეკორდი მოიხსნა.
უკვე მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით ვლინდება, რომ 2023 წლის დაწყებიდან დღემდე ლარმა პოზიციები 21 პუნქტით გაიუმჯობესა. თუკი 2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.71 ლარი ღირდა, დღეს არსებული ოფიციალური მაჩვენებლით ერთი ლარი 2.50 ლარი ღირს, თუმცა, უფრო დაბალი მაჩვენებლებია “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე.
ტენდენციიდან გამომდინარე, ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ კურსის გამყარება გაგრძელდება და შესაძლოა, 2.40-იანი ნიშნულისკენაც კი დაიძრას.
“ყველა მიმართულება, რომელიც კურსზე მოქმედებს, დადებითია. ექსპორტის ბოლო მონაცემებით, შედეგი ძალიან მაღალი დაფიქსირდა. დღედ-ღეზე გამოქვეყნდება მარტის თვის ეკონომიკური ზრდა, რაც ჩემი მოლოდინით, საკმაოდ მაღალი იქნება, სულ მცირე 8.5% მაინც დაფიქსირდება. გარდა ამისა, ტურიზმიც აღდგენილია და იმაზე მეტიც კი არის, რაც იყო პანდემიურ პერიოდამდე. ინვესტიციები ძალიან მზარდია. ვნახეთ, რომ წინა წელს რეკორდი მოიხსნა და მაჩვენებელმაც 2 მლრდ-ს გადააჭარბა. წესით, ეს ტენდენცია წელსაც უნდა გაგრძელდეს.
ასევე, უნდა გამოვყოთ `ბლუმბერგის” სტატია, სადაც საქართველო წარმოჩენილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. საქართველოში ბევრი პროექტი დაიწყება. ძალიან სერიოზული მზადება მიდის იგივე ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, რაც არის უცხოური ვალუტის შემოდინების დამატებითი წყარო. შემოდგომიდან ანაკლიის პორტის სავარაუდო ინვესტორიც გვეცოდინება.
ეს ფაქტორები და ასევე პოზიტიური მოლოდინი აისახა და შემდგომშიც აისახება სავალუტო ბალანსზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი კიდევ მეტად გამყარდება. მე ასეთ ტენდენციას ვხედავ, შესაძლოა, 2.40-ისკენაც დაიძრას”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ლარის კურსის გამყარების შედეგი ასახულია ინფლაციაში, რომელიც მომავალი წლის პირველივე ნახევრისთვის მიზნობრივ (3%) მაჩვენებლამდე დავა.
ბოლო წლებში ქართულმა ვალუტამ არაერთ `გამოცდას” გაუძლო. ჯერ კორონავირუსის პანდემია, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი. ორივე გარემოებამ ლარი მნიშვნელოვნად გააუფასურა, თუმცა უკვე კარგა ხანია, რაც კურსი პოზიციებს ყოველდღიურად იუმჯობესებს
გამაყარების მიზეზებზე საუბრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. ისიც ვარაუდობს, რომ ლარი კიდევ გამყარდება და ამას ხელს საგარეო ფაქტორებიც უწყობს.
`საქართველოში კურსის გამყარება პირდაპირ დამოკიდებულია ვალუტის შემოდინებაზე. კომერციულ ბანკებს რაც უფრო მეტი ვალუტა გააჩნიათ, რა თქმა უნდა, ლარი მით უფრო მყარი იქნება. ამიტომ, თუ უცხოური ვალუტის შემოდინების ტენდენცია გაგრძელდება, კურსის გამყარება გაგრძელდება.
გარდა ამისა, თვით აშშ-ს ვალუტაც განიცდის დევალვაციას და ეს გარემოებაც, მოქმედებს ლარის გაძლიერებაზე. დოლარის ბედი ბევრად არის დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე. მაგალითად, რიგი ქვეყნები უარს ამბობენ დოლარში ანგარიშსწორებაზე და გადადიან ეროვნულ ვალუტაზე. დოლარის სიმყარის საფრთხეებზე საუბრობენ თვით შეერთებულ შტატებშიც და ძალიან დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. შესაბამისად, ეს ტენდენცია ნაწილობრივ აისახება კიდეც ლარის კურსზე საქართველოში”, – განუცხადა `რეზონანსს” ლია ელიავამ.
რევალვაცია იმდენად სწრაფია, რომ მას რამდენიმე მიმართულებით უარყოფითი შედეგი უკვე მოჰყვა. ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი ვარაუდობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის ქვეყნიდან გატანა გაჭირდება და რიგ შემთხვევაში შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს კიდეც. ბიზნესის ერთმა ნაწილმა ნიშნულიც კი დაასახელა, რა შემთხვევაშიც ექსპორტი გაჩერდება. ეს 2.40-ის ქვედა ზღვარია.
თუმცა ფინანსისტები მიუთითებენ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ლარის გამყარებას იმაზე მეტი დადებითი შედეგი მოაქვს, ვიდრე ექსპორტის პრობლემებია.
„ბუნებრივია, როდესაც ექსპორტიორებზე ვსაუბრობთ, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის სექტორები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტთან არიან კონკურენციაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველას ინტერესის გათვალისწინება. თუმცა მაკროეკონომიკურ დონეზე თუკი შევხედავთ, ჯამურად ლარის კურსი ექსპორტისა თუ იმპორტისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.
ლარის გამყარება სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და ასევე ვალის ტვირთის შემცირებასა და იმპორტული პროდუქციის გაიაფებას განაპირობებს. შესაბამისად, ლარის გამყარების ეფექტი – დადებითია”, – განაცხადა “თიბისის კაპიტალის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.
წყარო: resonancedaily.com