მთავრობის სხდომაზე სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას წინა წელს გაწეულ საქმიანობასა და მიღწევებზე ანგარიში ჩააბარა, პრემიერი მედიკამენტების ფასების რეგულირებასაც შეეხო. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, წალმების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით, მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიმდინარე კვირაში მიიღებს.

“კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს, მედიკამენტების ფასებს შეეხება; ამ თემაზე მიმდინარე კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია. კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მუშაობა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა სააგენტოს ხელმძღვანელს და ერთად დაგეგმეს შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რომ თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, ფასებს გააიაფებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ასევე ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს პრემიერის ინიციატივით მთავრობამ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტზე დაიწყო მუშაობა. დოკუმენტის მიზანს, მედიკამენტებზე ფასების შემცირება წარმოადგენს. როგორც, ღარიბაშვილმა დოკუმენტის მომზადების ინიცირებისას განაცხადა, მედიკამენტების ფასი უსამართლოდ მაღალია და ის უნდა დარეგულირდეს.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement