რამ გამოიწვია უცნაური ტენდენცია და შეიცვლება თუ არა ახლო მომავალში დღევანდელი ვითარება?

საქართველოში საწვავი იაფდება და შესაშურად სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს, მსოფლიოში კი, პირიქით, ნავთობპროდუქტის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების ტალღა „ოპეკი პლუსის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების საწინააღმდეგოდ, საქართველოში დადებითი დინამიკა ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო ბაზრის ტრენდს არ ემთხვევა. როგორ “რეზონანსმა” გაარკვია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა გეზი გაძვირებისკენ აიღო. თუკი ოქტომბრის მეორე ნახევარში ერთ ბარელის ღირებულება 87-88 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 95-97 დოლარი ღირს. ეს ყველაფერი „ოპეკი პლუსის“ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული, რადგან ორგანიზაციამ წარმოება მკვეთრად შეამცირა, ბაზარზე კი ფასის შესამჩნევი ზრდა გამოიწვია.

მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოში პოზიტიური მდგომარეობაა. არაბრენდირებულ სადგურებში ბენზინის ფასი 2.65 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულზე 3.0-იან ნიშნულს დაუახლოვდა.

როგორც კომპანია “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში ფასების დამატებით შემცირებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არსებული ნიშნული შენარჩუნდება.

„უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია საწვავის კიდევ მეტად გაიაფება ჩვენი ბაზარი მთლიანად რუსულ საწვავზეა დამოკიდებული. მომავალში რა მოხდება რუსეთის ბაზარზე ეს ჯერ არ ვიცით, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა რა მონაცემები და მოცემულობაც არის უახლოეს პერიოდში მაინცდამაინც გაიაფების დიდი პერსპექტივა არ ჩანს“, – აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ბაზარზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

„ჩვენ საწვავი რუსეთიდან შემოგვაქვს. ის კი თავის პროდუქტს საერთაშორისო ფასებიდან შესაბამისად არ ყიდის. ისინი ხელმძღვანელობენ თავიანთი, ფიქსირებული ფასებიდან გამომდინარე. ამიტომაც, წესით და რიგით, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ბაზარზე.

როგორც ჩანს, რუსეთი დიდი რაოდენობით მასშტაბურ რეალიზაციას ახდენს, რის გამოც ცდილობენ პროდუქტი იაფად გაყიდონ, ამიტომაც, გაძვირება ნაკლებ სავარაუდოა. ამ ეტაპზე საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელის ღირებულება 3.30 ლარს შეადგენს, ხოლო ბენზინისა – 2.30 ლარს“, – დასძინა იაკობიძემ.

დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში, საწვავის გაიაფება ივლისდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი და შესაძლებლობა კიდევ არსებობს, თუმცა ახლა ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომ ღირებულება სტაბილურად ერთ მაჩვენებელზე დარჩეს.

როგორც, გლობალური სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ ადგილობრივ ბაზარს გაძვირება არ ემუქრება.

„რუსეთიდან საწვავი ფიქსირებული ფასით მოდის, რომელიც საერთაშორისო ფასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. პროდუქტი ჩამოდის ფასდაკლებით შემოდის დღეს არსებულ “პლატცის” ღირებულებასთან შედარებით, ამიტომ საბითუმო ბაზარზე ეს ერთ-ერთი დაბალი ფასია ამ პროდუქტზე.

არის მოლოდინი, რომ არაბრენდირებულ გასამართ საგურებზე ფასი შემცირდება კიდევ 5 თეთრით. ზოგიერთმა სადგურმა უკვე დააკლო კიდეც. ვსაუბრობ მხოლოდ ბენზინზე, არ ვამბობ, დიზელიც გაიაფდება“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ქვეყანაში ნავთობპროდუქტეის გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობა საწვავის ღირებულებით დაინტერესდა. ივლისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასმა შესაბამისმად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა პროპორციულად დაკლება. ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან”. მაშინ ადგილობრივმა მენავთობეებმა პირობა დადეს, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია უფრო შესამჩნევი სექტემბრიდან იქნებოდა და პრინციპში ასეც მოხდა.

წყარო – resonancedaily.com


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement