რითეილ სექტორს ე.წ. საგარანტიო თანხების მოთხოვნა უნდა აეკრძალოს და ყველამ უნდა შეძლოს დახლზე პრდუქციის განთავსება

გაძვირებული სურსათის გამო მოსახლეობა უკვე კარგა ხანია, რაც პროტესტს გამოთქვამს. პროდუქტის გაძვირება, თავის დროზე, ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა ახლა როცა, მდგომარეობა დასტაბილურებულია, ამას ფასების შემცირებაზეც უნდა ემოქმედა. მაღალი ღირებულების მიზეზად სავაჭრო სექტორის შეფარული გადასახადები სახელდება, რასაც პარალელურად მოჰყვება დისტრიბუტორების მხრიდან ფასის ზრდა.

საკითხში აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. მათი ყურადღება პროცესმა განსაკუთრებით მას შემდეგ მიიქცია, რაც გაირკვა სურსათის ბაზრის კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ პროდუქციის იმპორტისას, მთელ რიგ ხშირ შემთხვევებში, მარჟა 100%-საც უტოლდებოდა.

აფბა-ში მიაჩნიათ, რომ უკვე ძალიან ბევრი სპეციფიკური პრობლემა ამოტივტივდა, რომელიც გახლავთ სურსათზე მაღალი ფასების არსებობისა და კონკურენციის ხელშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.

„რეზონანსი“ დაინტერესდა კონკრეტულად რას გულისხმობს აფბას-ს შეთავაზება მთავრობისადმი. ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აქტუალურ კითხვებს უპასუხა:

„რეზონანსი“: რა ინიციატივებს სთავაზობს აფბა მთავრობას სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით?

გიორგი კაპანაძე: ჩვენი ინიციატივა გამომდინარეობდა იქიდან, რომ ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ მოხდა სურსათის ბაზრის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი მარჟები პროდუქციის ფასებზე, რის შემდეგაც დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირში არსებულ კანონთან  შესაბამისობაში იქნება. მისი მეშვეობით უნდა მოხდეს ბაზრის დარეგულირება  ისე, რომ ასეთი მაღალი მარჟები აღარ გვქონდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, გამოვედით ინიციატივით, რომ პარალელურად გამახვილებულიყო ყურადღება ერთ საკითხზე – კონკრეტულად, რითეილ სექტორის ქმედებებზე, როცა ისინი ითხოვენ საგარანტიო თანხებს, როდესაც ახალი კომპანია შედის ამა თუ იმ ქსელში. მაგალითად, თუ რომელიმე კომპანია იწყებს საქონლის შეტანას რომელიმე სავაჭრო ობიექტში, მას, როგორც წესი სთხოვენ თანხას საგარანტიოდ.

 სამწუხაროდ, ხშირად განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს ამ თანხების გადახდა არ შეუძლიათ, ამიტომაც ეს არის ერთგვარი პრობლემა. ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ან დროში  გადავადება უწევთ, რაც ბუნებრივია, ამცირებს კონკურენციას. შესუსტებული კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ უფრო მაღალ მარჟებზე იმუშაოს კომპანიამ.

სწორედ ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ მიმართულებაზე გაკეთდეს აქცენტი  და რითეილ სექტორს მიეთითოს, რომ მსგავსი საგარანტიო თანხები აღარ მოითხოვონ, ხოლო კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რეალურად აწარმოონ ხარიხსიანი პროდუქცია, მიეცეთ საშუალება საკუთარი პროდუქცია განათავსონ სუპერმარკეტების ქსელში. ეს ბუნებრივად გაზრდის კონკურენციას, რაც განაპირობებს უფრო დაბალ ფასს.

„რ“: თუ იქნება შესაძლებელი ახალი ბაზრის გახსნა, რამდენად მისაღებია ეს და როგორ იმოქმედებს ფასებზე?

გ.კ: ფარმაციის შემთხვევაში,  ვიცოდით, რომ თურქული ბაზარი იყო ჩაკეტილი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე დაბალფასიან და ხარისხიან მედიკამენტებს აწარმოებენ. სურსათის მიმართულებით კი, მსგავსი ქვეყანა და ბაზარი არ მახსენდება, თუმცა თუკი არსებობს და ამაზე გაკეთდება აქცენტი, რომ არსებობს მომწოდებელი, ბუნებრივია, კარგი იქნება. მე რამდენადაც ვიცი ასეთი ქვეყანა არ არსებობს. შესაბამისად, გვიწევს, თვითონ ადგილობრივი ბაზრის სტრუქტურას შევხედოთ და ამის მიხედვით იმოქმედოს მთავრობამ. შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, მაგალითად, თურქეთის, ჩინეთის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ბაზრის გახსნით ფასების შემცირება, მსგავსი რამ მოხდებოდა. თუკი სურვილი აქვს იმპორტიორს, თითქმის ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, რომ შემოიტანოს საქონელი.

„რ“: რას ფიქრობთ, ხომ არ უნდა გათავისუფლდეს სურსათის რაღაც ნაწილი დღგ-ის გადასახადისგან და რამდენად კარგი იდეაა ეს?

გ.კ: დღგ-ისგან განთავისუფლებას, რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეგვიძლია, თუკი გვეცოდინება, რომ კომპანიების მოგება არის  მაღალი, ან სურსათის ფასის შემცირება სხვაგვარად შეუძლებელია.

დღეს კი ვხედავთ, რომ სურსათის ფასის შემცირება თავისუფლად შესაძლებელია –  ლარი მყარდება, საერთაშორისო ბაზრებზეც ფასების ინდექსი არის შემცირებული.  ამის მიუხედავად, ფასები არ მცირდება. კომპანიები გამუდმებით ცდილობენ მაღალი მოგების მიღებას, შესაბამისად, ამას უნდა ვებრძოლოთ.

დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბუნებრივად მოხდება ფასების კლება. ჩვენ რომ დღგ-ისგან გავათავისუფლოთ ბიზნესი, კომპანიები მაინც მაღალ მოგებას მიიღებენ და რა გარანტია გვაქვს, რომ არ გადავლენ 150%-იან ან კიდევ უფრო მაღალ მოგებაზე. თუ არ იმუშაოვებს ევროპული კანონპროექტი, კვლავ მაღალი ფასი შენარჩუნდება, დღგ-ის შემცირება უნდა იყოს უკვე შემდეგი ნაბიჯი.

„რ“: თუკი არსებული მითითებები და დაპირებები დროულად შესრულდება, რა ვადაში უნდა ველდოთ ფასების შემცირებას?

გ.კ: ვფიქრობ, რომ თუკი კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, შედეგს მალევე დავინახავთ. დაახლოებით 1-2 თვეში სურსათის გაიაფებას დაიწყებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველ ეტაპზე „ისრები“, ძირითადად, იმპორტიორების მიმართულებით წავიდა, თუმცა ბიზნესთან კომუნიკაციით გამოჩნდა, რომ არა იმპორტიორები, არამედ სავაჭრო სექტორი ყოფილა ერთ-ერთი პრობლემა. ამიტომაც კარგია, რომ ბიზნესთან მიმდინარეობს კომუნიკაცია მთავრობის მხირდან და ასევე კარგია რომ უხეში ჩარევა არ ხდება ბაზარზე და  ევროკავშირში არსებული კანონის შემოღებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

წყარო: resonancedaily.com


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement