სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ სავალუტო ინტერვენციებს ერთჯერადი, მოკლევადიანი ფაქტორების განეიტრალების მოტივით ხსნის.
ასეთ ფაქტორებად თურნავამ, “პანიკის შემქმნელი პოლიტიკური მოწოდებები” და ბაზარზე განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციები დაასახელა.
„ერთჯერადი ფაქტორი იყო პოლიტიკური მოწოდებები სხვადასხვა მხრიდან, პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ ჩამოგვექცა საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი და არიქა გაიტანეთ დეპოზიტები. ეს მავნებლობა იყო, მინდა გითხრათ და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავანეიტრალოთ ასეთი ცრუ და მავნებლური მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე.
ასევე, [ინტერვენცია] უფრო მეტად შეიძლება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყოს გამოწვეული – როდესაც მსხვილი ტრანზაქციაა ბაზარზე ან დივიდენდებთან დაკავშირებული ან რაიმე სხვასთან, ამ დროს არ გვინდა, რომ ბაზარმა და ეკონომიკამ იგრძნობს მსხვილი რყევა, რომელიც რეალურად არ შეესაბამება ფუნდამენტური ფაქტორების მდგომარეობას“, – განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, “სავალუტო ბაზარს ფუნდამენტური პრობლემა არ აქვს”. მისი თქმით, სებ-მა აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი შეიძინა, ბოლო დროს კი ჯამში $150 მილიონი გაყიდა. თურნავა დასძენს, რომ ეროვნული ბანკი ერთგული რჩება მცურავი სავალუტო რეჟიმის დაცვის პოლიტიკის მიმართ.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე უახლესი ინტერვენცია გუშინ, 17 ოქტომბერს განახორციელა – სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ბოლო ორ თვეში ეს ეროვნული ბანკის რიგით მეხუთე ინტერვენციაა.
აღსანიშნავია, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, რის ფონზეც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, სებ-მა ინტერვენციები გაააქტიურა:
- 20 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა;
- 21 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 50 000 000 აშშ დოლარიდან 37 150 000 აშშ დოლარი გაიყიდა;
- 25 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 30 000 000 დოლარიდან მხოლოდ 7 600 000 დოლარი გაიყიდა;
- 6 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 50 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.