“არავის აუხსნია იმ რისკების შესახებ რომელიც ამა თუ იმ პორტფელში ინვესტირებას ახლავს თან. რიგით მოქალაქეს კი ასეთი სპეციფიური სფეროს ცოდნა ნამდვილად არ მოეთხოვება”, – ამის შესახებ ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახატრი სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლო პერიოდში საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და მისი საინვესტიციო პოლიტიკის მიმართ, ბევრი მოსაზრება გამოითქვა. პირადადაც ბევრმა მკითხა და მედიის წარმომადგენლებიც არაერთხელ დაინტერესდნენ საპენსიო აქტივების მოსალოდნელი ბედ-იღბალით. ეს არც არის გასაკვირი, მით უფრო როდესაც კითხვები ნამდვილად არსებობს.

ვეცდები მოკლედ და გასაგებად ავხსნა ეს ყველაფერი:

როგორც ვიცით მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების მოდელის არჩევის უფლება აქვთ. ამის უფლება მათ 6 აგვისტოს მიეცათ და ერთი თვის ვადაში უნდა გააკეთონ არჩევანი თუ რამდენად რისკიან პორტფელში სურთ, რომ დაბანდდეს მათი საპენსიო დანაზოგები.

თუმცა, არავის აუხსნია იმ რისკების შესახებ რომელიც ამა თუ იმ პორტფელში ინვესტირებას ახლავს თან. რიგით მოქალაქეს კი ასეთი სპეციფიური სფეროს ცოდნა ნამდვილად არ მოეთხოვება.

მეტიც, მაგალითად საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფინანსური განათლების, დონე საშუალოზე დაბალ მაჩვენებელზეა და 17 ქულიანი სკალიდან 10 ქულას მცირედით თუ აჭარბებს, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნე საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. მსგავსი მონაცემების ფონზე რამდენად სწორი იყო სააგენტოს ეს ნაბიჯი, ამ ეტაპზე ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის, თავად სააგენტოს პორტფელების რანჟირება.

უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ არავის განუმარტავს, თუ რას მოიაზრებს საპენსიო სააგენტო მაღალრისკიან, ან დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში. ასევე არავის განუმარტავს, თუ როგორ გამოთვალა საპენსიო სააგენტომ პორტფელების რისკიანობის დონე.

ასეთი ბუნდოვანების ფონზე სავსებით ლოგიკურია ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობა, კომუნიკაცია ცუდი არ იქნებოდა, თანაც ამაზე ზრუნვა გაცილებით ადრეც უნდა დაგვეწყო.

პ.ს. მეორე საკითხია თავად საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი არსი, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას მოიაზრებს. ხოლო, უცხოური კომპანიების აქციებში ინვესტირება, ამ მიზანს ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. თუმცა, ეს საერთოდ სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს”,- წერს ბაირახტარი.

შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ პარლამენტმა, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე ყველა საპენსიო დანაზოგი იქნება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement