2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ “ევრომანის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეჭვგარეშეა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ფისკალურმა სტიმულმა, გადავადებული მოთხოვნის გააქტიურებამ და მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალურად ინფლაციური წნეხის ზრდა გამოიწვია. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა საზოგადოების აღქმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ეგზოგენური ფაქტორების გამო ფასების გადახრა ფასების არასტაბილურობად გამოცხადდეს.

“ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ბანკების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანის შესრულებას. ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთჯერადი ეგზოგენური შოკების გამო, ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს, რაც ხანდახან, შეცდომით, როგორც ფასების არასტაბილურობა, ისე აღიქმება”,-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement