როგორც განცხადებაში კონსორციუმი აღნიშნავს, პროკურატურის მიერ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხება იყო.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა – ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით”,- ნათქვამია განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement